English / ქართული / русский /
თამილა არნანია-კეპულაძეგიორგი კეპულაძე
ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე ინდივიდუალურ და გლობალურ კონტექსტში

ანოტაცია

სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ პრობლებას. მოცემულ ნაშრომში განხილულია სიღარიბის პრობლემა მისი ინდივიდუალური და გლობალური გამიჯვნის საფუძველზე. ნაშრომში შემოთავაზებულია სიღარიბის გამომწვევი მიზეზების შესწავლა ობიექტური  და სუბიექტური მიზეზების განსაზღვრის კონტექსტიდან გამომდინარე. აღნიშნულია, რომ სიღარიბის გამოწვევისა და შენარჩუნების მრავალი მიზეზის არსებობა მოითხოვს საზოგადოებაში არსებული სიღარიბის საფუძვლიანად შესწავლას, სიღარიბის მიზეზების მიხედვით მოსახლეობის ღარიბი ფენების დაჯგუფებას და ყოველი კონკრეტული ჯგუფისთვის სიღარიბესთან ბრძოლის სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას, რათა მოხდეს არა შედეგების „მკურნალობა“, არამედ სიღარიბის ფესვების აღმოფხვრა.

საკვანძოსიტყვები: ეკონომიკური უთანასწორობა, ინდივიდუალური სიღარიბე, გლობალური სიღარიბე, სიღარიბის ობიექტური მიზეზები, სიღარიბის სუბიექტური მიზეზები.

* * *

თანამედროვე საზოგადოება მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემას უპირისპირდება და ამ პრობლემებს შორის ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია  სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პრობლემად, რომელიც  საერთოა ყველა ქვეყნისათვის და, ამგვარად, ატარებს გლობალურ ხასიათს. გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა - ეს არის თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული უთანასწორობა სასარგებლოა საზოგადოებისათვის, ვინაიდან გამოდის თავისებურ მოტივატორად ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანთა უნარისა და შესაძლებლობების განვითარება-გამოყენებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მაგრამ სიმდიდრის თავმოყრა ცალკეული პირების, ასევე სახელმწიფოთა ხელში, ზღუდავს სხვების  წინსვლისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, ქმნის ე.წ. „სიღარიბის მანკიერ წრეს“, რომლის გარღვევა ძალზე რთულია.

როგორც ცნობილმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა (Joseph Stiglitz) აღნიშნა, უთანასწორობის მაჩვენებლებმა უკანასკნელ პერიოდში „სახიფათო დონეს“ მიაღწია და თავისი ზრდის ტენდენციით შეიძლება შეედაროს დიდი დეპრესიისა და მის შემდგომ პერიოდის უთანასწორობის  ზრდის ტემპებს [10:49].  

2017 წლის 17-20 იანვარს დავოსში (შვეიცარია) გამართულ მორიგ 47-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამ ფორუმის ექსპერტების მიერ შედგენილ და წარდგენილ მოხსენებაში „გლობალური რისკების ანგარიში 2017“ (The Global Risks Report 2017) უახლოესი ათი წლისთვის ძირითად გლობალურ რისკებს შორის გლობალურ ეკოლოგიურ საფრთხეებთან, მოსახლეობის დაბერებასა და ციფრულ ტექნოლოგიენზე დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, დასახელებულია ეკონომიკური უთანასწორობისა და მოსახლეობის სოციალური სტრატიფიკაცია (დიფერენციაცია) არის დასახელებული.

უფსკრული ყველაზე მდიდრებსა და ყველაზე ღარიბებს შორის პერმანენტულად იზრდება და ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა უკანასკნელ პერიოდში. როგორც ამას სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, უმდიდრეს ადამიანთა 1%-ის საშუალო შემოსავალი გადასახადების გადახდის შემდეგ 2007 წელს შეადგენდა 1,3 მილიარდ აშშ დოლარს, მაშინ, როცა ყველაზე ღარიბთა 20%-ის შემოსავალი არ აღემატებოდა 17800 აშშ დოლარს [1].

Oxfam[1]-ის მონაცემებით, 2015 წლიდან მოსახლეობის 1%-ის სიმდიდრე აღემატება მოსახლეობის დანარჩენი 99%-ის ერთობლივ სიმდიდრეს.

შედგენილია ავტორის მიერ. წყარო: 1). GDP: World Development Indicators, World Bank; 2). Credit Suisse Global Wealth Databook 2016.

Oxfam-ის სხვა მონაცემების თანახმად, 2015 წელს მსოფლიოს რვა უმდიდრესი ადამიანი (იგულისხმება ბილ გეიტსი (ფლობს 75 მილიარდ აშშ დოლარს), ამანსიო ორთეგა (ფლობს 67 მილიარდ აშშ დოლარს), უორენ ბაფეთი (ფლობს 60,8 მილიარდ აშშ დოლარს), კარლოს სლიმი (ფლობს 50 მილიარდ აშშ დოლარს), ჯეფ ბეზოსი (ფლობს 45,2 მილიარდ აშშ დოლარს), მარკ ცუკერბეგერი (ფლობს 44,6 მილიარდ აშშ დოლარს), ლერი ელისონი (ფლობს 43,6 მილიარდ აშშ დოლარს) და მაიკლ ბლუმბერგი (ფლობს 40 მილიარდ აშშ დოლარს) ერთობლივად ფლობდა 426 მილიარდ აშშ დოლარს და მათ გააჩნიათ მეტი ფული, ვიდრე მსოფლიოში მცხოვრებ 3,6 მილიარდ ღარიბ ადამიანს. ანუ, თუ საშუალო სიდიდეების ტერმინებს გამოვიყენებთ, მსოფლიოს რვა უმდიდრესი ადამიანი საშუალოდ ფლობს 53,25 მილიარდ აშშ დოლარს თითოეული, მაშინ როცა 3,6 მილიარდი ღარიბი ადამიანიდან თითოეულს საშუალოდ გააჩნია მხოლოდ 120 აშშ დოლარი [13].

2015 წელს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მსოფლიო ბანკის ახალი მიდგომის მიხედვით დღეში 1,90 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით, ცხოვრობდა მსოფლიო მოსახლეობის 10,7%. აქედან უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (47,9%) ცხოვრობდა სამხრეთ საჰარის რეგიონში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში [9].

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განვითარებული ქვეყნები არ განიცდიან სიღარიბის პრობლემას და ეკონომიკური უთანასწორობის საკითხი იქ არ დგას ძალიან მწვავედ. მაგრამ ეს ასე არ არის.

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 20% იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამ პერიოდში აშშ-ში გამოცხადებული „სიღარიბესთან ომის“ შედეგად ეს მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა, რაც 30 მილიონ ადამიანს შეადგენდა [14:17-18.].

2015 წელს აშშ-ში საოჯახო მეურნეობის 12,7% ანუ 15,8 მილიონი საოჯახო მეურნეობა განიცდიდა სურსათის უკმარისობას [2.]. USDA (United States Department of Agriculture) მონაცემებით, 2014 წელს ეს საოჯახო მეურნეობები განიცდიდნენ სურსათის უკმარისობას წელიწადში 7 თვის განმავლობაში. ამ ადამიანთა 97%-მა განაცხადა, რომ იძულებულნი არიან შეამცირონ მისაღები საკვების მოცულობა ან გამოტოვონ ერთი კვების მიღება იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ საკვების შეძენისათვის საჭირო ფული. 27%-მა კი განაცხადა, რომ ამავე მიზეზით საერთოდ დარჩნენ მშივრები მთელი დღის განმავლობაში [7:4-11]. აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს (United States Census Bureau) თანახმად, 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 43,1მილიონი ადამიანი იყო ღარიბი და სიღარიბის ოფიციალური დონე შეადგენდა 13,5% [8:12].

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამყარო უფრო მდიდარია, ვიდრე ის ორასი წლის წინ იყო [5], ეკონომიკური უთანასწორობა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, თვით განვითარებულ ქვეყნებს შორის და განვითარებად ქვეყნებს შორის ის კიდევ უფრო გაიზარდა. 1980-იანი წლებიდან და, განსაკუთრებით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში, ქონებრივი უთანაბრობა კიდევ უფრო გაძლიერდა [12] და დღეს მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებშიც ეკონომიკური უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. თუ მე-19 საუკუნის დამდეგს დასავლეთი სამყაროს ქვეყნების სიმდიდრე 90%-ით აღემატებოდა სხვა დანარჩენი სამყაროს სიმდიდრეს, 2000 წლისთვის ამ განსხვავებამ სიმდიდრეში 750%-ს მიაღწია [3:9].

ქვეყნებს შორის ეკონომიკური არათანაბარი განვითარება შეიძლება განიხილოს, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე მიმდინარე პერიოდში. ისტორიულ ჭრილში ეკონომიკის არათანაბარი განვითარება გამოისახება, პირველ რიგში, მოსახლეობის ერთ სულზე ქვეყნებში დაგროვებული სიმდიდრის მოცულობის არათანაბარ განაწილებაში, ხოლო მიმდინარე პერიოდში - მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის არათანაბარ განაწილებაში, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის არა აბსოლუტურ, არამედ შეფარდებით მოცულობაში (იხ. ნახაზი):

 

ნახაზი. მშპ და სიმდიდრის განაწილება ერთ ზრდასრულ მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით

(აშშ დოლარებში, 2016 წელი)

არათანაბრად არის გადანაწილებული აგრეთვე ქვეყნებს შორის მსოფლიო სიმდიდრე. მსოფლიო სიმდიდრის ყველაზე დიდი წილი - 33,2%  თავმოყრილია აშშ-ში. მსოფლიოს კიდევ 13 ქვეყნიდან  თითოეული ფლობს მსოფლიო სიმდიდრის 1%-ზე მეტს  (კერძოდ, იაპონია ფლობს მსოფლიო სიმდიდრის 9,4%-ს,  ჩინეთი - 9.1%-ს, გაერთიანებული სამეფო - 5,5%-ს, იტალია - 3,9%-ს, გერმანია - 4,9%-ს, საფრანგეთი - 4,7%-ს, კორეა - 2,5%-ს, ავსტრალია - 2,5%-ს, ტაივანი - 1,3%-ს,  ინდოეთი - 1,2%-ს, ბრაზილია 1%-ს), რაც საერთო ჯამში 49,1% შეადგენს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენი 202 ქვეყანა, Global Wealth Databook მიხედვით, ფლობს მსოფლიო სიმდიდრის დარჩენილ 17,7%-ს (იხ. დიაგრამა).

 

დიაგრამა. სიმდიდრის განაწილება:  ქვეყნის წილი მსოფლიოს სიმდიდრეში  (%-ში, 2016 წელი)

შედგენილია ავტორის მიერ. წყარო: 1). GDP: World Development Indicators, World Bank; 2). Credit Suisse Global Wealth Databook 2016.

სიღარიბის პრობლემის ყოველმხრივი და საფუძვლიანი კვლევისათვის მეთოდოლოგიურად მიზანშეწონილია მისი განხილვა ორი პოზიციიდან გამომდინარე: პიროვნების ან საოჯახო მეურნეობის პოზიციიდან გამომდინარე და სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე ანუ მიკროდონეზე და, ასევე, მაკრო/მეზო დონეზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა გავმიჯნოთ ინდივიდუალური სიღარიბე და გლობალური სიღარიბე. ამგვარი მიდგომიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  1. გლობალური სიღარიბის ანუ მაკრო-/მეზო- დონეზე (სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე): რა იწვევს ქვეყნებისა და ერების სიღარიბეს? რატომ არიან ზოგი სახელმწიფოები მდიდრები, ხოლო მეორენი - ღარიბები? რატომ მდიდრდებიან მდიდარი სახელმწიფოები  უფრო მეტად მაშინ, როცა ღარიბი ქვეყნები სულ უფრო ღარიბები ხდებიან? როგორ შეიძლება ღარიბმა ქვეყნებმა და ერებმა დააღწიონ თავი საღარიბეს?
  2. ინდივიდუალური სიღარიბის ანუ მიკროდონეზე (ცალკეული პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის, საოჯახო მეურნეობის პოზიციიდან გამომდინარე): რა იწვევს ადამიანთა სიღარიბეს? რატომ არიან ადამიანები ღარიბები და რატომ არ შეუძლიათ მათ დააღწიონ სიღარიბეს? რატომ არიან ზოგი ადამიანები ძალიან მდიდრები და სხვები ძალიან ღარიბები? რატომ ხდება, რომ მდიდარი ადამიანები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბი ადამიანები კიდევ მეტად ღარიბდებიან? რა უნდა გაკეთდეს, რათა ღარიბმა ადამიანებმა დაძლიონ თავიანთი სიღარიბე? ვინ აგებს პასუხს სიღარიბეზე - თავად ღარიბი ადამიანები თუ საზოგადოება?

კითხვაზე, თუ რატომ არიან ზოგი ქვეყნები მდიდრები და სხვები სიღარიბეში აგრძელებენ ცხოვრებას, ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. ამერიკელი ეკონომისტი, პოლონეთში, ბოლივიასა და რუსეთში გატარებული „შოკური თერაპიის“ პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში ჯეფრი დევიდ საქსი (Jeffrey David Sachs) გამოყოფს ქვეყნების სიღარიბეში დარჩენის  შვიდ მიზეზს [15]:

  1. „სიღარიბის ხაფანგი“: როცა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის ქვეყანას საკუთარ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორცელება არ შეუძლია, ის „სიღარიბის ხაფანგში“ რჩება;
  2. მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა: როცა ქვეყანა უარს ამბობს საბაზრო ურთიერთობებსა და  საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვაზე;
  3. ფინანსური გადახდისუუნარობა, როცა მოუწესრიგებელია სახელმწიფოს ხარჯები, დაბალია გადასახადები, ადგილი აქვს საომარ მდგომარეობას;
  4. ცუდი მართველობა, როცა მძვინვარებს კორუფცია, მართვა არის არაეფექტიანი და ხორციელდება არაკომპეტენტური პირების მიერ;
  5. არახელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა, რაც გამოიხატება ბუნებრივი რესურსების სიმწირეში, ცენტრალური სატრანსპორტო სისტემებიდან დაცილებაში, ცუდ კლიმატურ პირობებში;
  6. კულტურული ბარიერები, რაც გამოიხატება გენდერულ უთანასწორობასა და დისკრიმინაციაში;
  7. გეოპოლიტიკა ანუ ურთიერთობები მეზობლებთან, მოკავშირეებთან თუ მოწინააღმდეგეებთან, ქვეყნის კოლონიური ისტორია.

სიღარიბის პრობლემის გაგება და მის დაძლევაზე მიმართული ღონისძიებების განსაზღვრა დიდწილად დამოკიდებულია სიღარიბის გამომწვევი მიზეზების გაგებაზე.

სიღარიბის  გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ეს მიზეზები შეიძლება პირობითად დაჯგუფდეს ობიექტური ხასიათის და სუბიექტური ხასიათის მქონე მიზეზებად.

ობიექტური ხასიათის მქონე მიზეზებს შორის შეიძლება აღინიშნოს:

- საზოგადოებაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური კონიუნქტურა და მის მიერ გამოწვეული უმუშევრობა, დაბალი ხელფასები ან ხელფასების გაუცემლობა, ინფლაცია და სხვ.;

პოლიტიკური არასტაბილურიბა - ომები, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები და სხვ.;

სამთავრობო ორგანოების არაყაირათიანი პოლიტიკა - ეკონომიკაში შექმნილ სიტუაციაზე არაადეკვატური ან დაგვიანებული რეაგირება;

ეკოლოგიური კატაკლიზმები - მიწისძვრები, ცუნამი, ზვავი და სხვ.;

რეგიონულ-გეოგრაფიული განსხვავებები (ღარიბი ადგილები) - ცალკეული რეგიონებისა და ტერიტორიების არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, ბუნებრივი რესურსების არათანაბარი განლაგება,  მიწის დაბალი ნაყოფიერება;

კლიმატური განსხვავებები - უდაბნოები,გვალვა და სხვ.;

მუშაობის სეზონურობა - საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე დასაქმების და, მაშასადამე, შემოსავლების არასტაბილურობა წლის მანძილზე;

კულტურული განსხვავებები - ცალკეულ ადგილებზე (ტერიტორიებზე) ანდა ადამიანთა ჯგუფებში ჩამოყალიბებული რელიგიურ-ფილოსოფიური ცხოვრების წესი, რომელიც უარყოფს სწრაფვას მატერიალური კეთილდღეობისკენ.

სუბიექტური ხასიათის მიზეზთა შორის შეიძლება  დასახლდეს:

– განათლების დაბალი დონე – ადამიანს არ აძლევს საშუალებას, დაიკავოს მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი;

– ჯანმრთელობის მდგომარეობა – სხვადასხვა მიზეზებით ჯანმრთელობის გაუარესება  ადამიანს ზოგჯერ (საერთოდ ან ნაწილობრივად) აკარგვინებს უნარს, სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა შრომით საქმიანობაში და, მაშასადამე, შემოსავალი;

–  ხანდაზმულობა - უფროსი თაობების ადამიანებს ასაკის მომატებასთან ერთად შეიძლება დაუქვეითდეს შრომისუნარიანობა და, შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; 

– სოციალური კაპიტალის (სოციალური ურთიერთობების) დაბალი დონე – მათ, ვისაც არ გააჩნია საჭირო სოციალური კონტაქტები (კავშირები), ნაკლებად არიან ინფორმირებულები კარგი სამუშაო ადგილების არსებობის შესახებ, მათ ნაკლებად შეუძლიათ კარგი სამუშაო ადგილების დაკავება და, მაშასადამე, შემოსავლების მიღება;

– სიღარიბის თვითწარმოშობა - ადამიანის, ოჯახის (სოციალური ჯგუფის, ქვეყნის) ცხოვრების დაბალი დონის აღწარმოება და ე.წ. „სიღარიბის მანკიერი წრის“ წარმოშობა, როცა ღარიბი ოჯახები თუ სოციალური ჯგუფები ვერ უზრუნველყოფენ თავისი შვილების (ჯგუფის წევრების) მომავალში შემოსავლის მაღალი დონის მიღწევისათვის საჭირო სასტარტო პირობებს (მატერიალურ მდგომარეობას და, აქედან - განათლების საჭირო დონესა და აგრეთვე საჭირო სოციალურ კონტაქტებსა და სხვ.). იგივე ეხება ღარიბ ქვეყნებს. ამ ქვეყნების მოსახლეობა ვერ იძენს წარმოებულ პროდუქციას, რასაც მოჰყვება წარმოების პროცესის შეფერხება, დასაქმების პრობლემის ზრდა და, აქედან გამომდინარე - შემოსავლების შემცირება. ღარიბი ოჯახებისთვის, სოციალურ ჯგუფებსა თუ ქვეყნებისათვის ძალზე გართულებულია სიღარიბიდან გამოსვლა.

ასოციალური თვისებები (ინდივიდის ასოციალური ქცევა) - ნარკოტიკების მოხმარება, ლოთობა, სიზარმაცე, პარაზიტიზმი და ა.შ.;

ინერტულობა -  რეალობის პასიური აღქმა, არსებული (ღარიბული) ცხოვრების წესის შეცვლის სურვილის უქონლობა, ცხოვრებისადმი შეგუება და სხვ.

სიღარიბის გამოწვევისა და შენარჩუნების მრავალი მიზეზის არსებობა მოითხოვს საზოგადოებაში არსებული სიღარიბის საფუძვლიანად შესწავლას, სიღარიბის მიზეზების მიხედვით ღარიბი ფენების დაჯგუფებას და ყოველი კონკრეტული ჯგუფისთვის სიღარიბესთან ბრძოლის სპეციალური ღონისძებების შემუშავებას, რათა მოხდეს არა შედეგების „მკურნალობა“, არამედ სიღარიბის ფესვების აღმოფხვრა.

დასკვნა

მაშასადამე, სიღარიბის პრობლემა ეხება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე ცალკეულ ქვეყნებს, რის გამოც სიღარიბის ფენომენი უნდა განიხილოს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გლობალურ დონეებზე.

სიღარიბის  გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. სიღარიბის პრობლემის გაგება და მის დაძლევაზე მიმართული ღონისძიებების შემუშავების მიზნით აუცილებელია  სიღარიბის გამომწვევი მიზეზების  სიღრმისეული გააზრება და მკაცრი გამიჯვნა და ამის საფუძველზე მის დაძლევაზე მიმართულ ღონისძიებათა შემუშავება. ანუ, სიღარიბესთან ბრძოლა მიმართული უნდა იყოს არა სიღარიბის გამოვლენაზე, არამედ სიღარიბის ფესვებზე, რათა ვებრძოლოდ არა შედეგებს, არამედ მიზეზებს.

 გამოყენებულილიტერატურა

  1. Average Federal Tax Rates in 2007, Congressional budget office, June 2010. https://www.cbo.gov/sites/default/files/112th-congress-2011-2012/reports/AverageFedTaxRates2007.pdf
  2. Coleman-Jensen, Alisha, Christian Gregory, and Anita Singh. 2016. Report Summary: Household Food Security in the United States in 2015. U.S. Department of Agriculture, Economic Research Service, September 2014.
  3. Galasso V. Nicholas, 2014, The Drivers of Economic Inequality, Oxfam America Research Backgrounder, https://www.oxfamamerica.org/static/media/files/oxfam-drivers-of-economic-inequality.pdf
  4. World Development Indicators, World Bank, 27-Apr-2017.
  5. Global Wealth Databook 2016, Research Institute Thought leadership from Credit Suisse Research and the world’s foremost experts, November 2016. http://publications.credit-suisse.com/tasks/render/file/index.cfm?fileid=AD6F2B43-B17B-345E-E20A1A254A3E24A5
  6. Global Inequality, http://inequality.org/global-inequality/
  7. Household Food Security in the United States in 2014,  pp. 4-11.
  8. Income and Poverty in the United States: 2015, Current Population Reports, Issued September 2016, P60-256 (RV), U.S.Department og Commerce, Economics and Statistics Administration.
  9. Roser Max, Ortiz-Opsina Esteban, 2017, Global Extreme Poverty, Our Word in Data,  March 27, 2017, https://ourworldindata.org/extreme-poverty/  
  10. Stiglitz Joseph, 2012, The Price of Inequality: How Today's Divided Society Endangers Our Future, W. W. Norton & Company, New York, London, http://resistir.info/livros/stiglitz_the_price_of_inequality.pdf 
  11. The Global Risks Report, 2017, Insight Report, 12th Edition, World Economic Forum, ISBN: 978-1-944835-07-1, Geneva, 2017. http://www3.weforum.org/docs/GRR17_Report_web.pdf
  12. Ейтс, Майкл Д., 2017, Измерение глобального неравенства, 9.01.2017. //Michael D. Yates, “The Great Inequality”, Monthly Review 63, no. 10 (March 2012): 1–18// http://commons.com.ua/ru/izmerenie-globalnogo-neravenstva/
  13. Глобальное неравенство: восемь человек владеют половиной богатства мира, 02.02.2017. http://theworldonly.org/globalnoe-neravenstvo-vosem-chelovek-vladeyut-polovinoj-bogatstva-mira/
  14. Проблемы бедности в США и России: стратегия социальной политики. М., 1997., с. 17-18.
  15. Сакс Дж.Д., 2011, Конец бедности. Экономические возможности нашего времени, Пер. с англ. Н.Эдельмана. ISBN 978-5-93255-306-0, М.: Изд. Института Гайдара, - 424с.   http://padaread.com/?book=75470


[1] Oxfam - ეს არის 1942 წელს ქალაქ ოქსფორდში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს  ჩვიდმეტ საერთშორისო ორგანიზაას და რომელიც მიზნად ისახავს ბრძოლას მსოფლიოში არსებულ სიღარიბესა და მასთან დაკავშირებულ უსამართლობასთან.